„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი აჭარის საგზაო დეპარტამენტის საქმიანობაში დარღვევებზე საუბრობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ 2016-2017 წლებში აჭარის საგზაო დეპარტამენტის საქმიანობაში დარღვევებია და სახელმწიფოს ორი მილიონის ზარალი მიადგა. მისი თქმით, ეყრდნობა აუდიტის დასკვნას, რომელიც, მისი თქმით, ჯერ არ გამოქვეყნებულა და მას წყარომ მიაწოდა.
„ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციაში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. აქედან სამი დისკვალიფიცირებული იყო და გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამკუთხედი“. 2019 წლის 19 თებერვლისთვის კომპანიისთვის გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 1 938 797 ლარს, თუმცა, ფაქტობრივად, მხოლოდ 888 231 ლარის სამუშაოებია შესრულებული, რაც წარმოადგენს ბიუჯეტზე მიყენებულ ზიანს“, – ხარაზის თქმით, აღნიშნულია მის ხელთ არსებულ აუდიტის დასკვნაში.
2016-2017 წლებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი იყო, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველია.
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. საჯარო მოხელეები გვაწვდიან ინფორმაციას, იმ კორუფციისა და კრიმინალის შესახებ, რომელსაც ივანიშვილი-რიჟვაძის მთავრობა აწარმოებს აჭარაში. ჩვენ წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელიც არის გასაჯაროებული და ამ დოკუმენტს ფარდა აეხდება. ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში არის კორუფცია. აჭარის საავტომობილო დეპარტამენტში არჩილ ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იპარავდნენ. ეს არის აუდიტის პირველადი დასკვნა, ალამბარი-ზენითის გზაზე მოპარულია, მილიონობით ლარი. ასევე ინერტული მასალის მოპოვებაზეც მილიონობით ლარია მოპარული.
სხვადასხვა ტენდერები გაუმჭვირვალობით არის ჩატარებული და სისხლის სამართლის დანაშაულს მოიცავს. აუდიტის სამსახურს ამ ყველაფერზე აუცილებლად ექნება რეაქცია. ამ აუდიტის დასკვნას ვერ გაექცევა პროკურატურა, არჩილ ჩიქოვანი არის თორნიკე რიჟვაძის მეგობარი, იგი მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად კორუმპირებულია”, – განაცახადა რეზო ხარაზმა.