„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროკურატურაში კახა კალაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი დაარეგისტრირეს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროკურატურაში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი დაარეგისტრირეს. განცხადებები თბილისის მერიის საახალწლო ხარჯებსა და ვაკეში სკამების შესაძენ სატენდერო დოკუმენტაციას ეხება. კერძოდ, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მთავარი ნაძვის ხის ვიზუალი არ შეესაბამება მასში გადახდილ თანხას – ერთ მილიონ ლარს. ასევე, მისი თქმით, ვაკეში შესაძენი სკამების სატენდერო დოკუმენტაცია მიზანმიმართულად იტალიურ კომპანიაზე არის მორგებული. საგამოძიებო უწყებასთან საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციის წევრებმა აქციაც მოაწყვეს. მათ კახა კალაძის ფოტოები გამოფინეს, რომლებიც მათი თქმით თბილისის მერის კორუფციულ საქმიანობას ასახავს.
„მედროვეებსა და კრიმინალებს სანამ ჩააბარებს ანგარიშს კალაძე, მინდა, მას ვუთხრა, რომ ეს არის ბოლო ანგარიში, რომელიც ის მის ნოტარიუსს ჩააბარებს. მომავალ წელს ამ დროს კალაძეს მოუწევს პროკურატურაში ანგარიშის ჩაბარება. რაც შეეხება განცხადებებს, რომელიც დღეს შევიტანეთ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი მილიონი ლარი გადახდილია ნაძვის ხეში, რომლის საბაზრო ღირებულება ალბათ არ აღემატება ასი ათას ლარს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გამოიძიოს საბიუჯეტო სახსრები, ვგულისხმობ მილიონ ლარს, რომელიც გადახდილია ნაძვის ხეში. ასევე, მეორე განცხადება, რომელიც დავარეგისტრირეთ პროკურატურაში ეხება სკამებს, რომ ერთ ცალ სკამში კალაძე გადაიხდის თორმეტი ათას ლარს და ეს ტენდერი პირდაპირ მორგებულია უკვე იტალიურ კომპანიაზე, რადგან სატენდერო დოკუმენტაციაში თანდართული ფოტოები აღებულია იტალიური კომპანიის საიტიდან და ექსკლუზივი აქვს ამ სკამების წარმოების. შესაბამისად, პროკურატურას სხვა დანარჩენ საქმეებთან ერთად, ასევე მოუწევს ამ ორი საქმის გამოძიება, რომლის გამოძიებასაც ითხოვს ოპოზიცია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთანავე ფრაქციის წევრები პროტესტის ნიშნად დღეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც კახა კალაძე 2019 წლის ანგარიშსა და 2020 წლის ბიუჯეტს წარადგენს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებით, თბილისის მომავალი ბიუჯეტის დოკუმენტი მორგებულია „ქართული ოცნების“ ინტერესებზე და არა მოსახლეობის ინტერესებზე.