„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით აქცია-მსვლელობას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით აქცია-მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით აქცია-მსვლელობას მართავენ.

მონაწილეთა განცხადებით, დღევანდელი აქციის მიზანია ნიკა მელიას გამხნევება და მისი უკანონო პატიმრობის გაპროტესტება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, მელია გირაოს გადახდას არ აპირებს და მათი მოთხოვნაა, ის საპატიმროდან უპირობოდ გათავისუფლდეს.

„ჩვენ მივდივართ რუსთავში, რადგან კიდევ ერთხელ გამოვხატოთ საკუთარი მხარდაჭერა ნიკა მელიას მიმართ. არ არის მისთვის იოლი უყუროს იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და რომელიც უშუალოდ მის სახელს უკავშირდება. სწორედ ამიტომ მან კიდევ ერთხელ გააკეთა მკვეთრი განცხადება, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას და არც არავის მისცემს იმის უფლებას, მის მაგივრად გირაო გადაიხადოს. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნიკა მელიამ ძალიან სწრაფად დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ მის რეპუტაციას არანაირი ჩრდილი არ მიადგეს. ნიკა მელია წელგამართული შევიდა საპატიმრო დაწესებულებაში, კიდევ უფრო წელგამართული გამოვა და ჩაერთვება იმ ბრძოლაში, რომელსაც ამდენი წელია აწარმოებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე სწრაფი მექანიზმი, რომ ნიკამ მელიამ საპატიმრო დატოვოს, პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებაა.

„ხელისუფლება სამწუხაროდ ამ ნაბიჯს არ დგამს და ახლა საუბარია „ამნისტიის შესახებ“ კანონზე, მაგრამ ეს კანონიც ძალიან საფრთხილოა. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ კანონის განხილვასა და შემუშავებაში, რადგან ჩვენი პოზიციაა, რომ ვიდრე ნიკა მელია არ გამოვა, ჩვენ არანაირ შეთანხმებაზე არ ვსაუბრობთ ხელისუფლებასთან. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. იმ ფორმულირებით, როგორც ხელისუფლებას სურს, თუნდაც გირაოთი, მელია არასდროს დატოვებს საპატიმროს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.