„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კახეთის გზატკეცილზე აქცია-ბრიფინგი გამართეს
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადირაძემ კახეთის გზატკეცილზე აქცია-ბრიფინგი გამართეს.
მათ საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და თბილისის მერს მოუწოდეს, უმოკლეს ვადაში გააფორმოს ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოებს აწარმოებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მერიამ ვერ უზრუნველყო ტენდერის ჩატარება ისე, რომ შერჩეულიყო კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებდა.
„ცენტრალურ მაგისტრალზე, სტრატეგიულ ობიექტზე რამდენიმე თვეა, გზა დახაზული არ არის და ყოველდღიურად ხდება ავარიები. ამის მიზეზი არის დედაქალაქის მერი კახი კალაძე, რომელმაც ვერ მოახერხა და ცენტრალური მაგისტრალი ვერ დახაზა. ვერ დახაზა, რადგან მხოლოდ კორუფციასა და ფულის მოხვეჭაზე ფიქრობს ეს ადამიანი. დოკუმენტებიდანაც ირკვევა, ორი თვით ადრე დაფუძნებულ კომპანიას გაუფორმა ხელშეკრულება. მანამდე, ოთხ კომპანიას მისცა დისკვალიფიკაცია, რომელიც ბევრად უფრო იაფად სთავაზობდა სამუშაოების შესრულებას. აღმოჩნდა, რომ კომპანიამ, რომელიც ორი თვით ადრე დაფუძნდა, საბოლოოდ ამის გაკეთება არ შეუძლია. საბოლოო ჯამში, თბილისელებს გვაქვს ცენტრალური მაგისტრალი დახაზვის გარეშე. მინდა მივმართო მძღოლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ავტომობილით გადაადგილდებიან, თქვენ ასობით ჯარიმას გიწერენ ყოველდღიურად ეს ე.წ. ჭკვიანი კამერები, თუმცა ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ღერძულა ხაზი დაგიდგინოთ, წყვეტილი ხაზი დაგიდგინოთ.
მოვუწოდებ დედაქალაქის მერს, არ შეიძლება ამ გზის დაუხაზაობა. ყოველდღიურად ავარიები ხდება. ახლა ტენდერის ჩატარებას ნუღარ მოიგონებენ, სწრაფად გააფორმონ ხელშეკრულება, რომ ეს პრობლემა იყოს გადაჭრილი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.