„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოში ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოში ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს კახაბერ გვანცელაძეს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ისინი კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ გვანცელაძისგან ბაღებში არსებული კვების პრობლემებთან, ასევე სააგენტოში არაკვალიფიციური კადრების დანიშვნის საკითხებზე.
„ათწლეულები რომ პრობლემა არ ყოფილა ბაღებში კვების საკითხი, კალაძის დედაქალაქის მთავრობამ და ბაღების მართვის სააგენტომ მოახერხა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა. გუშინ მოვისმინეთ ბაღების თანამშრომლების განმარტება, რომ გუფთა იყო, უბრალოდ ხორცი არა, ხაჭაპური იყო უბრალოდ ყველი არ ჰქონდათ, ესეთი კვების რაციონი რომ აქვთ ბავშვებს უკვე სერიოზული პრობლემაა. ღვინის შეფუთვით, რომ რძე შეაქვთ ესეც პრობლემაა. ასევე მნიშვნელოვანია სამი ბაღი, რომელიც დახურეს არც ბაღის პედაგოგებმა, არც მშობლებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ და დღეს ხდება ამ ბავშვების გადანაწილება ისეთ ბაღებში, სადაც ისედაც ბევრი ბავშვია. შესაბამისად, ამ კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით გვინდა, მოვისმინოთ გვანცელაძის პასუხები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბაღების მართვის სააგენტო გაივსო არაკვალიფიციური კადრები, გაივსო ნათესაური კავშირებით დანიშნული ადამიანებით. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული სია, რომელზეც კონკრეტულ პასუხებს მოვთხოვთ გვანცელაძეს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.