„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ფრაქციის ოთახიდან ადევნებენ თვალს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ფრაქციის ოთახიდან ადევნებენ თვალს. მათი თქმით, არ მიიღებენ მონაწილეობას იმპიჩმენტის პროცესში და თან აქვთ ბარათები, რომელსაც რეგისტრაციისას და კენჭისყრისას იყენებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, საპარლამენტო სხდომის დარბაზში რაც ხდება, არ ემსახურება სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს.
„არ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ დავრჩით ჩვენი გადაწყვეტილების ერთგული. პრეზიდენტის მოწოდებას რაც შეეხება, ეს იყო დიდი ხნის შემდეგ, რაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ მივესალმებით იმ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი და შემდეგში საქართველოს მოწოდება და არ შევიდნენ დარბაზში. რაც შეეხება ამ პარლამენტში არაერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკითხი იმასთან დაკავშირებით, ვინ გამოიყენა ხმის მიცემის პულტი. ამიტომ, ჩვენი ფრაქციის ყველა წევრის ბარათი, რომლითაც ხდება ხმის მიცემა, არის ფრაქციის აპარატში“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, ბარათებს შორის არ არის გუბაზ სანიკიძის ბარათი. მათი თქმით, გუბაზ სანიკიძე პარლამენტში არ იმყოფება და ბარათი თან აქვს.