„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში ამ დრომდე არ მისულან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში ამ დრომდე არ მისულან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში ამ დრომდე არ მისულან. საკანონმდებლო ორგანოში მათ 12:00 საათზე ელოდებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა დროისთვის აპირებენ ისინი პარლამენტში მისვლას. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ტექნიკური საკითხების დაზუსტების შემდეგ, საკანონმდებლო საქმიანობაში დღესვე ჩაერთვებიან.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ არაპრინციპულობას აპროტესტებენ. მათივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

„არ არის ცუდი, რომ შედის პარლამენტში, პირიქით, ეს არის კარგი, ჩვენ უბრალოდ ვაპროტესტებთ მათ არაპრინციპულობას, რატომ გვამყოფეს 8 თვის განმავლობაში, მათ შორის თავიანთი ამომრჩევლებიც და მთელი საქართველო გაურკველობაში უაზროდ იმის ძახილით, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი ამბობდნენ, რომ ამ პარლამენტში არ შევიდოდნენ. ბატონმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ თოკგამობმული თოჯინები იქნებოდნენ, ვინც პარლამენტში შევიდოდა, ნიკანორ მელია ამბობდა, რომ ვინც პარლამენტში შევიდოდა, ისინი არ იქნებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, იქნებოდნენ უბრალოდ პუფები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, გიორგი შუკვანმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო.

ამასთან, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.