„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხვალ მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ფრაქციის ფორმატში შეხვედრას არ აპირებენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხვალ მინისტრობის კანდიდატებთან ფრაქციის ფორმატში შეხვედრას არ აპირებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესის ბოიკოტირებას განაგრძობს.
„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბოიკოტს, არ დავესწარით საკომიტეტო განხილვებს. ასევე არ გვექნება ხვალ ფრაქციის ფორმატში მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრა. ეს შეხვედრა იქნებოდა მორიგი რუტინული გასაუბრება და შეიქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს, ქვეყანაში არაფერი ხდება და ვამტკიცებთ მორიგ მთავრობას. არადა, არის საგანგაშო, განსაკუთრებული ვითარება. ჩვენ ფაქტობრივად ხელისუფლებაში მოგვიყვანეს გავრილოვის მთავრობა. ამიტომ პროტესტის ასეთი ფორმა, ზურგის შექცევა, თუ შეიძლება უხეშად ვთქვათ, არის სწორედ ღირსი ამ მთავრობის“, – განაცხადა გოცირიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს პროტესტი გაგარძელდება სულ და ყველგან – პარლამენტშიც და ქუჩაშიც.
„ახლა რომ დავდგეთ და კითხვები დავუსვათ იმის შესახებ, რაც ეკონომიკის ან საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით ხდება, ეს მიიღებს ჩვეულებრივი სამთავრობო დამტკიცების ფორმას. ეს პროტესტი იქნება გამოხატული მუდამ, სანამ იქნება ხელისუფლებაში გავრილოვის მთავრობა. პროტესტი იქნება პარლამენტში, იქნება ქუჩაში, იქნება დიპლომატიურ არენაზე. საზოგადოების პროტესტი და პოლიტიკური ძალების აქტიურობა იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ამ ხელისუფლებას დაამთავრებს მომავალ არჩევნებში. დღეს ჩვენ ვნახეთ საქართველოს მიტაცების საბოლოო გაფორმება“, – განაცხადა გოცირიძემ.
მან ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ბოლო წერტილი იქნება ის 20 მოსამართლე, რომელსაც ასევე დაგვასვამენ უზენაესი სასამართლოს წევრებად და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩვენ დავინახავთ ივანიშვილის პირად ადვოკატს, რომელიც დღეს არის პროკურორი და ამით მორჩება ფაქტობრივად ამ ფუნდამენტის ფორმირება, რომელმაც შემდეგ უნდა უზრუნველყოს ძალადობრივი არჩევნები. დღეს ჩვენ მივიღეთ პოლიციური მთავრობა, მთავრობა, რომელიც არის ძალოვნებზე დაფუძნებული. ამ ძალოვნების მთავარი ფუნქცია იქნება საარჩევნო დახმარება „ქართული ოცნებისთვის“ და არა ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა. ერთადერთი შესაფერისი ფორმა ამისა, არის პოლიტიკური ბოიკოტი“, – განაცხადა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.
პარლამენტში უკვე მეორე დღეა, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენები იმართება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებიან. პროცედურის თანახმად, ხვალ დაგეგმილია შეხვედრები ფრაქციების ფორმატში.