,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციაზე შეკრებილებმა პროტესტი ტრანსფარანტებითა და საყვირებით გამოხატეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, ივანიშვილის რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს, მიხელი სააკაშვილი ნელ-ნელა მოკლას. მისი თქმით, აქციაზე შეიკრიბა ყველა, ვისაც მისი მდგომარეობა აღელვებს.
„აქ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, უპარტიოები, სხვა პარტიის წარმომადგენლები. არ აქვს მნიშვნელობა, აქ მელიას მხარდამჭერი თუ არამხარდამჭერები არიან. ჩვენ არავის არ ვყოფთ. შეიძლება, ვიღაცამ ვერ შეძლო აქ მოსვლა, მაგრამ აღშფოთება, რომელიც არის გამოხატული ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სიმბოლურად, არის პროტესტის გამოხატულება ყველა იმ ადამიანისა, ვისაც აღაშფოთებს კონკრეტულად პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ასეთი მოპყრობა. რასაც ჩვენ ღიად ვუყურებთ, რეჟიმს აქვს გადაწყვეტილი, მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა მოკლან, თან შეურაცხყოფა მიაყენონ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება.
„მაღალი თანამდებობის პირებმა, ასევე ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდნენ, რომ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება ვერ იქნებათ. დღეს მშვიდობიანი გამაფრთხილებელი აქციები გვაქვს. საბოლოო ჯამში, ეს პროტესტი აზვირთდება და თავს მოიყრის დედაქალაქის ცენტრში, შემდეგ უკვე დაველოდოთ, რა განაჩენს გამოუტანს ქართველი ხალხი ივანიშვილს და მის კრიმინალურ დაჯგუფებას. ხალხი არის მსაჯული, გადაწყვეტილების მიმღები და დარწმუნებული ვარ, პუტინის ტყვე მიხეილ სააკაშვილი და ჩვენი ქვეყანაც იქნება თავისუფალი. ვისაც გაქვთ პროტესტის გრძნობა, გამოდით გარეთ, გამოხატეთ თქვენი უკმაყოფილება. მე ვარ გარანტი, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ უზრუნველვყოფთ თქვენს ჩამოყვანას, მობილიზებას დედაქალაქში. დაელოდონ ბიძინა ივანიშვილი და კრემლის პროპაგანდისტები ხალხის რისხვას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
აქციის დასასრულს შეკვეთილში საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები აჟღერდა.