„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის შენობასთან მორიგი აქცია გამართეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის შენობასთან მორიგი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შენობაში შესვლა-გამოსვლის საშუალებას არ მისცემდნენ. მათ შენობის შესასვლელის ბლოკირება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ოპოზიციის მოთხოვნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ელგუჯა ბაგრატიონს პირისპირ შეხვდა, თუმცა შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა.
„სამ თვეზე მეტია, ვცდილობთ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას. ეს ადამიანი ჩუმად იპარება შენობაში.
დღეს როგორც კი დაინახა, რომ შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გადაწყვიტა, ერთ ადამიანს შევხვდებიო. შეხვედრისას
ჩვეული ცინიკური დამოკიდებულებით მითხრა: თქვენ ასე, 20 კაცით, შემოკრებილი ხულიგნებით აპირებთ, რომ მე წავიდე ხელისუფლებიდან ან თანამდებობიდან, ხუთი წელიც რომ იდგეთ აქციებზე, მოგიწევთ მანდ დგომა და ჩემი ყურებაო“, -განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ელგუჯა ბაგრატიონმა.
აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ელგუჯა ბაგრატიონთან საუბარი შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მისი მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი.
„ოპოზიციის მოთხოვნით შედგა შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და „ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენელს შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი შეეცადა ჩვეული ხელწერით, საქმიანი და კონსტრუქციული საუბარი დესტრუქციაში გადაეყვანა.
აჭარის მთავრობა აგრძელებს ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობით და მანდატით აღასრულოს დაკისრებული უფლებამოსილება და არ დაუშვას პროვოკაცია.
ორ თვეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან იმართება აქცია, რომელსაც არ აქვს ხალხის ნდობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ხერხით, პერიოდულად მიმართავენ დესტრუქციულ ქმედებებს,” – აცხადებენ აჭარის მთავრობაში
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის შენობასთან დარჩებიან და პროტესტი არ შეწყდება.