„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქციას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ.
ადგილზე იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ლიდერები.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროტესტი იქნება ყოველდღიური.
„ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ არ მივცემთ უფლებას რუსულ რეჟიმს, პუტინს ჩააბაროს ჩვენი ქვეყანა. არ ვართ ჩვენ, ქართველები ის ხალხი, ვინც აპირებს, შეეგუოს მონობას. დღეს შეიძლება, ვიყოთ 500, ხვალ ვიქნებით 1000 და, ზოგადად, ვართ მთელი საქართველო, ვინც ფიქრობს, რომ რუსებს უბრალოდ არ დავნებდებით და არ ჩაგაბარებინებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპა და თითოეული ადამიანი, ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, უნდა ხვდებოდეს და იაზრებდეს, რომ გასაღები სწორედაც არის ამ პუტინის მონების დამარცხებაში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ჩვენ გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე და ყველგან მოგაკითხავთ, არამარტო ღარიბაშვილს, მივმართავ იმავე ბრეგაძეს, რომლის განათლებაშიც ლომის წილი პრეზიდენტ სააკაშვილს მიუძღვის და ასე უხდის დღეს პუტინის მონობით ბატონი ბრეგაძე. ყველა თანამდებობის პირმა, ყველამ, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, კარგად უნდა იცოდეს, რომ მოგაკითხავთ ყველგან. ოღონდ ჩვენ გაგვხადეთ იძულებულები. ჩვენი სურვილი არ არის, ასე წარვმართოთ ჩვენი საქმიანობა, მაგრამ როდესაც თქვენ ფეხებზე იკიდებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავნებდეთ. ამიტომ ბრძოლა იქნება ყოველდღიური და ყველა დღეს, სადაც არ უნდა წახვიდე, ირაკლი, ანტონი, ტრი ტრი, ყველგან მოგიწევს უკან-უკან გამოხედვა, რადგან ქართველი ხალხის სუნთქვას იგრძნობ ზურგში და ამას შენ აუცილებლად ნახავ. ხვალ, 17:00 საათზე ყველას გელოდებით კანცელარიასთან. პროტესტი იქნება ყოველდღიური და ჩვენ ყველას მოგაკითხავთ ყოველდღიურად, სანამ არ გავალთ შედეგზე. შედეგი არის პრეზიდენტ სააკშვილის თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.