„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მეტრო „ავლაბრიდან“ ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ვადამდელი პროპორციული არჩევნები და მთავრობის გადადგომა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, პროტესტს შეურთდნენ და აღნიშნა, რომ ბრძოლა უნდა იყოს დაუღალავი.
„ბრძოლა უნდა იყოს დაუღალავი, ყოველდღიური, მეთოდურად ეს რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს, შეუწყვეტავი იქნება ეს აქციები. რაც უნდა დაკავებული ვიყოთ, მესმის, სამუშაო დღეა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მაგრამ სამუშაო დღე, დაკავებულობა, სხვადასხვა საქმით დაკავება ეს ყველაფერი შესაძლებელია ოდნავ მაინც ნორმალური სახელმწიფო რომ გვქონდეს და არ ვიდგეთ რეალური, რეალურზე უფრო რეალური საფრთხის წინაშე – დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაკარგვისა. ეს საფრთხე რომ არ გვედგას, კი ბატონო, შეგვიძლია, ნახევარი ძალებით ვიბრძოლოთ, შეგვიძლია, გადავანაწილოთ ჩვენი ენერგია და დრო გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ამის ფუფუნება არ გვაქვს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.