„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბოლნისის სოფელ ჭაპალაში მდებარე უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბოლნისის სოფელ ჭაპალაში მდებარე უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბოლნისის ოლქის მე-40 უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. სოფელ ჭაპალაში მდებარე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, უბნის დახურვისა და ბიულეტენების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა და ბიულეტენების რაოდენობა არ ემთხვეოდა, რამაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის პროტესტი გამოიწვია.

„მთელი დღის განმავლობაში არაერთი საჩივარი დაიწერა ბოლნისის მე-40 უბანზე. ისეთი სახის დარღვევები იყო, რომელიც პირდაპირ შედეგზე ახდენდა გავლენას. სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ არჩევნების შედეგების გაყალბებას. ეს იყო მარკირების გარეშე შეშვება, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები შედიოდნენ უბანზე და მათ ადგილზე უკვე ხელი იყო მოწერილი. ეს უბანი იყო მთელი დღე პრობლემური. უბნის დახურვის შემდეგ, ჩვენმა წარმომადგენლებმა ეს პრეტენზიები დააფიქსირეს. შემდეგ უკვე ვერ სვამდნენ ბალანსს, რჩებოდა ბიულეტენები და შესაბამისად, ითხოვდნენ შედეგების გაუქმებას. ამიტომ ჩვენმა წარმომადგენელმა ოქმს პროტესტის ნიშნად არ მოაწერა ხელი და განსხვავებული აზრი დააფიქსირა. უბნის დახურვის შემდეგ, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ ამ უბანზე მობილიზებული, აგრეთვე საპატრულო პოლიცია, მაგრამ გაურკვეველია, რა მიზნით. უბნის დახურვიდან ოთხი საათის შემდეგ, საოლქო კომისიის წარმომადგენლები მოვიდნენ, რომ წერტილი დასვან ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ შედეგები გაუქმდეს, გვაქვს მრავალი მტკიცებულება ვიდეომასალის სახით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სამირა ისმაილოვამ.

მოგვიანებით უბანზე ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანი მივიდა.

„საკმოდ დიდი უბანია. ბევრი ბიულეტენი იყო დასათვლელი, თუმცა იყო გარკვეული სახის ხარვეზი მუშაობის პროცესში. შესაბამისად, მოუწიათ ბიულეტენების რამდენჯერმე გადათვლა. ასევე, არის გარკვეული სახის ხარვეზები, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისია დაიწყებს შესწავლას და შესწავლილი მასალების საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება. წინასწარ, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვიტყვით. უბნის გაბათილების საფუძველი აქ ჯერჯერობით არ არსებობს, შეისწავლის საოლქო საარჩევნო კომისია და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ბოლნისში, ხმები უკვე ყველა უბანზე დათვლილია. არის უბნები, საიდანაც ეტაპობრივად სრულდება საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმების წარმოდგენა“, – განაცხადა რუსუდან ქურდიანმა.