„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლში შესვლას ითხოვდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლში შესვლას ითხოვდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა

ხმაურია აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები. მათი ნაწილი, კონკრეტულად კი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი მთავრობის სახლში შესვლას ითხოვს, თუმცა ამის საშუალება მას სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

„ქობულეთის საკრებულოს წევრს, ბონდო თედორაძეს უნდოდა შესვლა თორნიკე რიჟვაძესთან. უნდა გაეგო, როდის მოაგვარებს სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემას, მაგრამ არ შეუშვეს. მე ვარ დეპუტატი და მაქვს უფლება, შეუფერხებლად შევიდე მთავრობის შენობაში, მაგრამ როგორც ხედავთ, პოლიცია მხოლოდ იმითაა დაკავებული, ჩინოვნიკები ვირთხებივით შეაპაროს“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

ამ წუთებში მთავრობის სახლთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. დღეს შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურების დადგმას გეგმავენ. ტერიტორიაზე უკვე დადგეს სწრაფი კვებისთვის განკუთვნილი კონტეინერი.