„ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა ირაკლი ჩავლეიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
ოპოზიციიდან ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ირაკლი ჩავლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ირაკლი ჩავლეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო. დღეიდან მან პარტიაც დატოვა. დეპუტატის განცხადებით, ბოიკოტირებასთან დაკავშირებით მისი და პარტიის პოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.
ირაკლი ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ პარტიული სიით მოხვდა. ბლოკის სხვა დეპუტატისგან განსხვავებით, მან დღეს არ მოაწერა ხელი მემორანდუმს, მანდატზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
„მეგობრებთან ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით.
1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ.
სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია.
დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია. ამიტომაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ს ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა.
ყოველივე ზემოთ გამოთქმულიდან გამომდინარე, იძულებული ვარ, შევაჩერო საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში ჩემი წევრობა.
ვრჩები ოპტიმისტად და იმედს ვიტოვებ, რომ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს!
დროა ყველაზე კარგი მსაჯული და იმედია, გამოაჩენს, ვისი პოზიციაა ჩვენს შორის სწორი.
ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, – წერს ირაკლი ჩავლეიშვილი „ფეისბუქში“.