„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვალა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვალა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, პარტიის გენერალური მდივნის პოზიცია პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზაალ უდუმაშვილი და ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ნიკა მელია შეითავსებს.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება.

„რაც უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რაც უნდა პოლიტიკურად შემართული იყო ესა თუ ის ძალა, გარკვეული დროის შემდეგ მნიშვნელოვანია განახლება და გადანაცვლებები, რომ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ქვეყნის და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაზე მთავარი, ვდგავართ თითოეული ჩვენგანი, ვგულისხმობ ქვეყანას. გარდაუვალ აუცილებლობად ვთვლი, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს, როგორც თავისი დღის წესრიგი, ასევე შიგთავსიც კი და ბევრად გასაგები სამართლებრივი, იურიდიული ფორმა ვიყოთ ორგანიზაციული თვალსაზრისით საზოგადოებისთვის. ცვლილებების აუცილებლობა არ არის განპირობებული მხოლოდ იმიტომ, რომ ის, ვინც აქტიური იყო დღემდე პარტიაში, ვერ ართმევდა თავს და სხვა გაართმევს. არა, არავითარ შემთხვევაში. ჩვენ კარი უნდა გავუღოთ საქართველოს ყველა გამოცდილ მოქალაქეს, მათ უნდა დაინახონ ჩვენში იმედი და პერსპექტივა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იბრძვის ერთის მეორეთი ჩასანაცვლებლად. ჩვენი ვალდებულებაა, თითოეული თქვენგანი დავარწმუნოთ, რომ არაფერი გვამოძრავებს გარდა ნათელი მომავლისა. პროცესი გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქნება ცვლილებები პარტიის შიგნით, გაგრძელდება განახლების აქტიური პროცესი. როდესაც ამ პარტიის ეზოში, პირველად ელექტრონულ ფორმატში პარტიის თავმჯდომარედ ამირჩიეს, კარგად მახსოვს, დაკავებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე ვთქვი, რომ თუ მე ამ ჩემი ხედვების რეალიზებას ვერ მოვახდენ, არ მიღირს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა, სხვაგვარად ქვეყნის და პარტიის წარმატებას ვერ ვხედავ, თუ არ გატარდა ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაზეც ვისაუბრე“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.