„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო, სავარაუდოდ, პარასკევს შეიკრიბება და პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს შეათანხმებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭო, სავარაუდოდ, პარასკევს შეიკრიბება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
სწორედ საბჭომ უნდა შეათანხმოს პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღი და მისი ჩატარების წესი. ასევე, საბჭო გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი პირებს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. არსებული ინფორმაციით, მსურველებს კანდიდატად დარეგისტრირებისთვის სამი-ხუთი წევრის ხმა დასჭირდებათ.
„საბოლოო დეტალებს ვათანხმებთ. დღეს ის დეტალები შევათანხმეთ, თუ რამდენი წევრი იყოს საარჩევნო კომისიაში, როგორ უნდა ნომინირდნენ ეს ადამიანები, თითოეული კანდიდატის რამდენი წარმომადგენელი უნდა იყოს ამ კომისიაში. ასევე, ოთხშაბათისთვის ველოდებით ექსპერტებს, რათა მათ წარმოადგინონ პრეზენტაცია იმ მოდელებისა, რომლითაც გვინდა, ჩავატაროთ არჩევნები – ერთი, „ფეისბუქზე“ დამყარებული წესი; მეორე, სპეციალურად საარჩევნოდ შერჩეული პლატფორმა, რომელიც იყენებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას. ეს ძალიან ტექნიკური საკითხია, ბევრი დეტალია და ამის ვიზუალიცია საშუალებას მოგვცემს პოლიტსაბჭოს წევრებს, კარგად გავერკვეთ თითოეული ვარიანტის პლუს-მინუსებში. ვფიქრობ, რადგან ოთხშაბათს ამ საკითხებს გავივლით, თუ კიდევ რაიმე დეტალი იქნება, შეიძლება, ხუთშაბათი გამოვიყენოთ და, ჩემი აზრით, პარასკევი არის ყველაზე ოპტიმალური დრო პოლიტსაბჭოს გასამართად. საარჩევნო კომისია იქნება ხუთკაციანი, პოლიტსაბჭოს წევრები იქნებიან. ერთი იქნება თავმჯდომარე და მისი არჩევა იქნება ცალკე. თავმჯდომარე უნდა იყოს განსაკუთრებული ადამიანი, ყველა მხრიდან ნდობა უნდა ჰქონდეს. მე არ ვიქნები ნამდვილად. ამ ხუთ ადამიანს რომ ავირჩევთ, მათ დაემატებათ, კოოპტაციის წესით, თითოეული კანდიდატის წარმომადგენელი, იმ კანდიდატების, რომლებსაც საბჭო დაარეგისტრირებს. ავად რომ გახდეს წევრი, შემცვლელიც ეყოლება. მოხდება ამომრჩეველთა სიების გაფილტვრა, რომ უცხო ხალხი არ შეგვეპაროს, ანუ „ქოცები“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები. ამ სიის გაცხრილვისთვის იქნება სპეციალური ჯგუფები. სადავო საკითხები ავა საარჩევნო კომისიაში განსახილველად“, – განაცხადა გია ბარამიძემ.