„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და აღნიშნულის შესახებ ცესკო-ს მიმართავენ. ამის შესახებ ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოტკოველის თქმით, აღნიშნულ ბოიკოტს უერთდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატიც.
„მაჟორიტარობის ის 12 კანდიდატი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილი, გაყალბებული არჩევნების შედეგად დღეს მეორე ტურში ვართ, უარს ვაცხადებთ და არ ვმონაწილეობთ იმ ფარსში, რომელიც დადგა ივანიშვილმა 31 ოქტომბერს და უნდა, რომ ეს ყველაფერი 21 ნოემბერსაც გააგრძელოს. ასევე, ამ ბოიკოტს უერთდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატი, რომლებიც ასევე იმყოფებიან მეორე ტურში. სამწუხაროა, როდესაც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები დადიან კარდაკარ და ხალხს ატყუებენ, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობთ მეორე ტურში და ამით ცდილობენ, თავისი გაყალბებული არჩევნები ბოლომდე მიიყვანონ“, – განაცხადა ბოტკოველმა.
დავით კირკიტაძის თქმით კი, „არჩევნები არ ჩატარებულა დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და ამის მიუხედავად, ოპოზიციამ დააგროვა იმაზე ბევრად მეტი ხმა, ვიდრე ხელისუფლებამ“.
„კანდიდატები უარს ვაცხადებთ, მივიღოთ მონაწილეობა ამ ფარსში. კიდევ ერთხელ ღრმა პატივისცემას ვაფიქსირებთ ყველა ამომრჩველს, თუმცა ამ ფარსში არც მონაწილეობას ვაპირებთ და არც ხელის შეშლას“, – აღნიშნა კირკიტაძემ.