„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ
„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტსა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა, საუბარი შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხს.
„შეხვედრის ძირითადი თემა ყო მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყველა ხვდება, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომ ამ არჩევნებს სახელმწიფოში ძალიან სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვება.
საუბარი იყო იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გზავნილებზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაუგზავნოს პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება სხვა პოლიტიკური გუნდისთვის, რაც აუცილებელად მოხდება შემდეგ არჩევნებზე.
საუბარი გვქონდა დემოკრატიის გამოწვევებზე. დემოკრატია არის აშშ-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი და მათ ძალიან კარგად ესმით, რომ დღეს დემოკრატიას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს საქართველოში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თავის მხრივ, როგორც პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, საუბრის მთავარი თემა დემოკრატია, საარჩევნო პროცესებში არსებული დარღვევები და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იყო.
,,ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაციაა ჩამოსული, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მოადგილე. შესანიშნავად არიან ინფორმირებულები ყველაფერზე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება.
საელჩო აშშ-ს, ვაშინგტონს საქმის კურსში აყენებს მუდმივად. შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი საერთოდ გაყინულია და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის ხარისხის მხრივ, მიდის უკან. გამახვილდა ყურადღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო პროცესში დაშვებული შეცდომები, დანაშაულებები, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო კამპანიის შავი ფულით დაფინანსება. ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოში თავდაცვისუნარიანობის თემაზე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.