„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილმა დღეს ტაქსით იმგზავრა და მძღოლებს საწვავის გაძვირებულ ფასზე ესაუბრა
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილმა დღეს ტაქსით იმგზავრა და მძღოლებს საწვავის გაძვირებულ ფასზე ესაუბრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს ტაქსით იმგზავრა და ტაქსის მძღოლებს საწვავის გაძვირებულ ფასზე ესაუბრა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კითხვაზე – რატომ გაძვირდა საწვავი, მოქალაქეებს პასუხი უნდა გასცენ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ.

„ადამიანების, მოქალაქეების მთავარი შეკითხვა არის ივანიშვილთან, კობახიძესთან და ივანიშვილის ხელისუფლებასთან – რატომ გაუძვირდათ საწვავი? როგორ ხდება, რომ ოც ლიტრს რომ ასხამდნენ 39 ლარად, დღეს 62 ლარის გადახდა უწევთ იმავე რაოდენობის საწვავში? როგორ ხდება, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა, ფაქტობრივად, ათი ლიტრი საწვავი მოჰპარა ჩვენს მოქალაქეებს, მძღოლებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ საწვავს და, შესაბამისად, საწვავის გაძვირება კიდევ დამატებით სხვადასხვა პროდუქციის გაძვირებას იწვევს? ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც აინტერესებს მოქალაქეებს და ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ივანიშვილმა და კობახიძემ – რატომ ძვირდება საწვავი და როგორ ხდება, რომ ერთ ლარად და 65 თეთრად მოდის საქართველომდე? ფოთამდე, ბათუმამდე საწვავი ჯდება ერთი ლარი და 65 თეთრი და ფოთის, ბათუმის პორტიდან რომ გამოდის, ფაქტობრივად, 200 მეტრში უკვე საწვავი ხდება სამი ლარი და მეტი. ფაქტობრივად, ორმაგდება თანხა. ეს არის შეკითხვა, რომელზეც უნდა გასცენ პასუხი. რატომ და როგორ გააძვირეს საწვავი ივანიშვილმა და კობახიძემ?”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.