„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციაში განმარტავენ, რატომ არ დასახელდა თინა ბოკუჩავა მერობის კანდიდატად
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მერობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ დაასახელა, თუმცა არ დასახელებულა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატი.
მანამდე პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა, რომ ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა.
დარეჯან ცხვიტარია განმარტავს, რომ ფოთში მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა არ იქნება და კანდიდატის საკითხი ამ დრომდე განხილვის საგანია.
„თინა ბოკუჩავა არ იქნება ფოთში მერობის კანდიდატი. ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ იქნება, ეს საკითხი ჯერ კიდევ არის ბჭობის საგანი და ვნახოთ, რა გადაწყდება. მარტო ფოთი კი არა, სამეგრელოდან მხოლოდ ზუგდიდის, ხობისა და მარტვილის კანდიდატები დასახელდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რამ განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილება და რატომ არ დასახელდა ბოკუჩავას კანდიდატურა.
„შეიცვალა რაღაც, არ ვიცი. გადაწყვეტილი იყო მისი კანდიდატურა, წუხელ გადაწყვიტეს, ამ დილითაც ასე ვიცოდით. უცებ შეიცვალა რაღაც. არ ვიცი, რა შეიცვალა. ისეთი პერიოდია, რომ წუთიდან წუთზე შეიძლება, რაღაცები შეიცვალოს. ნიკა მელიას მამა თუ დათანხმდებოდა ამაზე, ორ საათში მოხდა დათანხმება. ორ საათში მოხდა ფორმირება და შეთანხმება. კონფიგურაცია ისეთია, ისეთი დროა, რომ ყოველ წუთში იცვლება რაღაც. ჯერჯერობით ფოთში არავის კანდიდატურა არ განიხილება“, – განაცხადა ცხვიტარიამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონების მერობის კანდიდატები დღეს წარადგინა.