„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ
„ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ექვსი დეპუტატი ბოიკოტის რეჟიმში გადადის და სხდომებს არ დაესწრება.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ისინი არ აპირებენ ხელისუფლების გვერდით ჯდომას და პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.
„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას, როცა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ხელისუფლება წამებით კლავს მიხეილ სააკაშვილს. მაშინ, როცა ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად, კონკრეტული რეფორმების განხორციელებით, მიზანმიმართულად ახორციელებენ შურისძიებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომ ევროპის კარი ჩვენთვის დაიხუროს. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ მათ ინტერსეში არ შედის კანდიდატის სტატუსის მიღება. ამავე დროს, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ავტოკრატიული მმართველობის გამყარება და რუსეთისთვის კარის გახსნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუღებელია ასეთი ხელისუფლების გვერდით ჯდომა, ხელისუფლებისა, რომელიც ყოველდღიურად დაკავებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობითა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასჯით. აუცილებელია, გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი და შეუნარჩუნდეს ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ არ ვაპირებთ კაბინეტებიდან სიკვდილით დასჯის ყურებას და ვიბრძოლებთ რუსული ტყვეობიდან მის დასახსნელად“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ.