„ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ქუთაისში - საარჩევნო უბანთან თავში ბოთლი ჩამარტყეს
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ნინო თვალავაძე აცხადებს, რომ 101-ე საარჩევნო უბანთან მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„საარჩევნო უბანთან მყოფ ქალებს ხელში ეკავათ სიები, მე აქ ვარ დამკვირვებელი. წავართვი ფურცლები და გავიქეცი, გამომეკიდნენ ეს ქალები და დასახმარებლად გარეთ მდგომ კაცებს დაუძახეს. მეცნენ და ერთმა მამაკაცმა თავში ბოთლი ჩამარტყა. დაზიანებები ხელზეც მომაყენეს. პატრულის გამოჩენისთანავე ეს ადამიანები გაქრნენ. არ ვიცი, ვინ არიან, თუმცა სავარაუდოდ, ისინი იყვნენ აგიტატორები „ქართული ოცნებიდან“, – განაცხადა ნინო თვალავაძემ.