ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წევრმა, მათ შორის საკრებულოს დეპუტატებმა პარტია დატოვეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა.
„ერთიანობის ყველა შანსი ამოვწურეთ, პარტიას ვტოვებთ“, – განაცხადეს ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა.
ამასთან, როგორც გიორგი კირთაძემ აღნიშნა, აღარ დარჩებიან იქ, სადაც გამარჯვების პერსპექტივა არ არსებობს.
„იქ, სადაც გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არ არის, აღარ დავრჩებით. გვითხრეს, მანიფესტის ხელს თუ არ მოვაწერდით, პარტიაში ვერ დავრჩებოდით, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ მანიფესტი მიმართული იყო პარტიის გახლეჩისკენ“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ახალ პლატფორმაზე გააგრძელებენ, თუმცა მათ ახალი ორგანიზაციის შექმნასა და ნიკა მელიასთან თანამშრომლობის თაობაზე არ უსაუბრიათ.