„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ნაწილი არაფორმალური მმართველობის გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყრილობაზე არ მიწვიეს, რასაც ორგანიზაციის სხვა წევრები უარყოფენ
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის წესდება დამტკიცდება.
როგორც პარტიაში აცხადებენ, დღევანდელ ყრილობაზე არ იქნება არჩეული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბორდიც გარდამავალი პერიოდით დაკომპლექტდება, რომლის მთავარი მიზანი ღია, ელექტრონული სისტემით თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება იქნება.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრთა ნაწილი დღეს რუსთავში შეიკრიბა. მათი თქმით, ყრილობაზე ახალგაზრდული ფრთის ნაწილი არ მიიწვიეს.
რუსთავში შეკრებილი ახალგაზრდების თქმით, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი დაინიშნა, ორგანიზაციაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიუღებლობაა, მათი ნაწილი აღარ არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და ძირითადად ასრულებენ ტექნიკურ სამუშაოებს. ახალგაზრდების ნაწილმა აღნიშნა, რომ პარტიაში არის არაფორმალური მმართველობა.
„ყოველდღე ვხედავთ, რომ ხდება პარტიის გაყოფა, დაშლა, ადამიანები ტოვებენ პარტიას. ეს არის არაფორმალური მმართველობის გავლენა, სტილი და ამას ჩვენ ვუყურებთ ამ ქვეყანაში ძალიან დიდხანს. სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილის პროცესების შემოსვლამ ეს ყველაფერი გამოიწვია. მათ შორის, მინდა, მივმართო ვანო მერაბიშვილსაც, ის არც ამ პარტიის და არც ამ ქვეყნის მომავალი არ არის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრის, დავით ღოლიჯაშვილის თქმით, ახალგაზრდებს რეალურად აზრს არ ეკითხებიან.
„პარტიული რაღაც გადაწყვეტილება როცა არის, სად არიან მაშინ ახალგაზრდები, მაშინ რატომ არ დაგვიძახა ახალგაზრდებს და არ გვკითხა ჩვენი აზრი, რატომ გამოდიან ყოველდღიურად და საუბრობენ ახალგაზრდების სახელით, თითქოს ეს უნდათ ახალგაზრდებს, რეალურად, აქ ვართ ახალგაზრდები და ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენი სახელით, ჩვენ უფრო კარგად ვიცით, რა გვინდა. ცდილობენ, იყოს მხოლოდ ერთი აზრი პარტიაში, ის, რაც მათ მიაჩნიათ სწორად და, რეალურად, თუ გვინდა, ქვეყნისთვის უკეთესი გავაკეთოთ, ზოგადად, უნდა იყოს მრავალფეროვნება“, – აღნიშნა დავით ღოლიჯაშვილმა.
რუსთავში შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის საპასუხოდ კი ახალგაზრდული ორგანიზაციის სხვა წევრები აცხადებენ, რომ კარი ყველასთვის ღიაა და სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, თითქოს ყრილობაზე ვინმე არ იყო გათვალისწინებული.
„ტყუილია, რომ ვინმე არ იყო გათვალისწინებული, ტყუილია, რომ ვინმე მოვტეხეთ ყრილობიდან, კარი ყველასთვის ღიაა. გამიხარდება, თუ ეს ადამიანები მოვლენ და დაესწრებიან ყრილობას. ამ ყრილობაზე დღეს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს არ ვირჩევთ. 9 აპრილს გვაქვს ფართომასშტაბიანი აქცია და ჩვენი სწორება არის ამ შემთხვევაში ივანიშვილსა და მის რუსულ ოლიგარქიაზე“, – განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობის წევრმა, ტიტე გედენიძემ.
პარტიის ინფორმაციით, დღევანდელ ყრილობაზე სიტყვით გამოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი.