რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა პარტია და ფრაქცია დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს – ალექსანდრე ბერიძემ – რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვაჟა მორგოშიამ – რუსთავის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ და ზურაბ ბერაძემ – რუსთავის საკრებულოს „ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

ამის შესახებ ინფორმაციას ვაჟა მორგოშია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, თინათინ ლოცულაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია მე-19 მკ/რ-ში მდებარე საფეხბურთო სტადიონთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე, თანამოაზრეებთან ერთად, პარტიის ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანა სცადა, წაუყენეს დაუსაბუთებელი ბრალდება ფრაქციის თავმჯდომარეს.

ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ამ ადამიანების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე და საქციელზე, ვტოვებთ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციას და პარტიას“, – წერს ვაჟა მორგოშია.