„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აჭარაში იურისტთა ჯგუფი პოლიციელებისგან უფლებების გადამეტების საკითხებს შეისწავლის
„ნაციონალური მოძრაობა“ იურისტთა ჯგუფს ქმნის, რომელიც პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენს, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ.
ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ მოძალადე სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს იმ ვიდეოკადრებით გამოავლენენ, რომლებიც მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს, დაადგენენ მათ ვინაობას ან იდენტიფიკაციისთვის მიმართავენ შესაბამის ორგანოებს და მოპოვებულ მასალებს შესასწავლად პროკურატურას გადასცემენ.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჯაროვებთ მათ სახელებს ისე, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაირღვეს. საუბარი იქნება სავარაუდო კანონდარღვევაზე, რომელსაც შესასწავლად პროკურატურას გადავუგზავნით. მასალებს ისედაც გასაჯაროებული ვიდეოკადრებიდან ავიღებთ, რომელიც მედიის სხვადასხვა საშუალებით გადაიცა. არ შეიძლება და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ძალადობა დარჩეს დაუსჯელი, ეს უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, ჩვენ ბევრი შემთხვევა ვიხილეთ ძალადობის 20 ივნისის შემდეგ, რომელსაც სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
მირდატ ქამადაძის შეფასებით, სამართალდამცველების პარალელურად ძალადობის ნიშნებს ხულოში, შუახევსა და ქობულეთში ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების მხრიდანაც.