„ნაციონალური მოძრაობა“ - „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ შეფასება კიდევ ერთი დასტურია, რომ სააკაშვილი „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას
„ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და, უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა დააანონსა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს და საქმეების არაღძვრის წინაპირობად საჯაროდ მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა.
პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული პოლიტიკური საქმეების ავტორი ყოფილი გენერალური პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიცრობისთვის სანქცირებული ოთარ ფარცხალაძეა. სააკაშვილის საქმეებს სასამართლოში წარმართავენ და/ან კურირებენ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები.
პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და ამას ითხოვს ქართველი ხალხის უმრავლესობა. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პოლიტიკური პატიმრობა საფუძველშივე სპობს შესაძლებლობას, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა თავისი ნება თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში გამოხატოს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობაა.
ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში, სწორედ პოლიტიკური პატიმრობითაა გამოწვეული.
„ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ დასკვნაა, რომ კლინიკა „ვივამედში“ არის „სიტუაცია, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.
„ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ ითხოვს, რომ „ვივამედში“ პენიტენციურ პაციენტებზე მომხდარ ძალადობაზე დაწყებულ გამოძიებებთან დაკავშირებით მიეწოდოს ინფორმაცია. როგორც ცნობილია, „ვივამედში“ გადაყვანისას პრეზიდენტ სააკაშვილზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა იძალადეს.
„ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ ასევე აღნიშნავს, რომ „ვივამედში“ სათანადოდ არ კეთდება სამედიცინო ჩანაწერები, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში. ასევე, არ არის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა. უფრო მეტიც, პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში გარკვეული სიმპტომების სათანადო კვლევაც კი არ ჩატარებულა. კომიტეტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამედიცინო პროცესს უშიშროების სამსახურები წარმართავენ და არა სამედიცინო პერსონალი. „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და, უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია.
ეს მდგომარეობა გამოწვეულია ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკურ მართლმსაჯულებით და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, როგორც პოლიტიკური პატიმარი”, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.
„თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა, ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავის 2023 წლის 12 აპრილის წერილში, რომ ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ ს.-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი), განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას იძლევა, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კომიტეტის შეფასებაში.