„ნაციონალური მოძრაობა“ - ვანო მერაბიშვილი არის პარტიის დამფუძნებელი, გულშემატკივარი, მაგრამ არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, პარტიის პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი
„ნაციონალური მოძრაობა“ - ვანო მერაბიშვილი არის პარტიის დამფუძნებელი, გულშემატკივარი, მაგრამ არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, პარტიის პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი

ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მისი სუბიექტური აზრია და ის საკუთარ პირად პოზიციებს აჟღერებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი ახმოვანებს, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ სპეკულაციურ მსჯელობებს პარტია მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამს.

„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. ვანო მერაბიშვილი არის „ენმ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში. კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს პარტია „ენმ“ აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობას.

ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს. კიდევ ერთხელ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი“, – ნათქვამია განცხადებაში.