„ნაციონალური მოძრაობა“ სამეგრელოს სამივე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარ კანდიდატს წარადგენს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, პარტია სამეგრელოს სამივე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარ კანდიდატს წარადგენს.
მისივე თქმით, თავდაპირველად სამეგრელოს ოლქებში პარტია ვერა ქობალიასა და ზაზაგოროზიას კანდიდატურების დასახელებას გეგმავდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში მაჟორიტარობის კანდიდატები გადაწყვეტილია და ყველანი ვმუშაობთ ველზე. რაც შეეხება სამეგრელოს, ყველაზე დიდი კონკურენცია, ყველაზე დიდი არჩევანი, ყველაზე მეტი მსურველი ჩვენი პარტიის მხრიდან იყო სამეგრელოს სამ ოლქზე და ძალიან სკულპუროზურად ვარჩევთ იმ კანდიდატებს, რომლებიც ძალიან მალე ოფიციალურად დასახელდებიან.
ვერა ქობალია ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ზაზა გოროზიაც ერთ- ერთი კანდიდატი იყო. რამდენიმე ვარიანტია, ახლა იქ კვლევაც მიდის და გადაწყდება. ყველაზე მეტი მსურველი იყო სამეგრელოში. ვარჩევთ და ამ დღეებში აუცილებლად დასახელდება. სექტემბრის პირველ დღეებში იქნება სია“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
კირკიტაძის თქმით, თავად რუსთავის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ყველა ოპოზიციურ პარტიას თავისი კანდიდატი ჰყავდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ყველა ოპოზიციურ პარტიას ჰყავდეს მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე, კომისიაში წარმომადგენლები დამკვირვებლების სახით, რადგან რეგიონებში დიდი ალბათობაა, „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინოს მანიპულირება, გაყალბება, მოსახლეობის დაშინება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში იყოს მაქსიმალური აქტივობა. ამას ხელს შეუწყობს რაც შეიძლება მეტი კანდიდატი და ამიტომ მივესალმებით ყველა პოლიტიკური ძალის მიერ დასახელებულ კანდიდატს, რომელიც თავის მხრივ, მოახდენს ამომრჩევლის მობილიზაციას და საარჩევნო უბნებზე ხმების დაცვას. ამაზე შეთანხმება უკვე მიღწეული გვაქვს ერთმანეთში.
მე მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქნები რუსთავში. მივესალმები ყველა კონკურენტს და ვისურვებდი, რომ მათი რაოდენობა ბევრი ყოფილიყო.
რაც შეეხება შანსებს, ამას ყველა ვიხილავთ 31 ოქტომბერს. ვინ რამდენად კონკურენტუნარიანი იყო და ვის რა მხარდაჭერა ჰქონდა, არჩევნები აჩვენებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.