თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ აღიარებს
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
„არ ვაპირებთ ხვალინდელ განხილვაზე დასწრებას. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა. როგორც 90-იან წლებში ყიდულობდნენ ცუდი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სკამებს. არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას იმ განხილვაში, სადაც არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. არ მგონია, ხუთი წლის მანძილზე ეს ნაყიდი პოსტი შეინარჩუნოს, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს, დატოვოს პრეზიდენტის სკამი, რომელიც მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგება. პარლამენტში პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი მოხსენება იქნება.