„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებს და თბილისის გენგეგმაში ცვლილების განხილვას არ დაესწრება
დედაქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი თბილისის გენგეგმაში ცვლილებას ეხმაურება.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების მიხედვით, გენგეგმის ფარგლებში მინიჭებულ სატყეო ზონას კვლავ საცხოვრებელი ან სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭება.
ამასთან, გენერალურ გემაში შესწორება საკრებულომ დღეს უნდა განიხილოს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომას ბოიკოტს უცხადებს და მას არ დაესწრება.
„ეს არის ცვლილებებათა პაკეტი, რომელიც შემოაქვთ გენერალურ გეგმაში. ჩვენ წელიწად-ნახევრის წინ ვამბობდით, რომ ეს არ იყო ის, რაც თბილისელებს სჭირდებოდათ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაც და დედაქალაქის მერიც ადასტურებენ, რომ მილიონობით კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს – სატყეო ზონას ეცვლება სტატუსი და უბრუნდება იმ ძველ გენგეგმას, რომელიც ადრე არსებობდა. სადაც არ შეიძლებოდა კორპუსის ან სახლის მშენებლობა, დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს გახდება შესაძლებელი. მაგალითად, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა იყო ზღვის ტერიტორიაზე და ხდება სარეკრეაციო ზონა. სადაც რამე მშენებლობა იყო კატეგორიულად აკრძალული, იქ შესაძლებელი გახდება მათ შორის კერძო სახლების აშენებაც. რიგ შემთხვევაში ასობით-ათასობით ოჯახს შეექმნა საკუთრების პრობლემა. მათ უნდა დაუკმაყოფილდეს მოთხოვნა, მაგრამ მეორე ნაწილია, რა ბიზნესგეგმები აქვს კალაძეს და რა მშენებლობებს აპირებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.