„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის „პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით“ ხელმოწერებს აგროვებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელმოწერების რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში შეტანას არ აპირებენ და ამით მხოლოდ ქართველი ხალხის ნების გამოხატვის ჩვენება უნდათ.
“დღეიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომლის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. იმ პროცესებს, რომლებსაც თვალ-ყურს ვადევნებთ, არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოსთან და სამართალთან ისევე, როგორც არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან ქართულ სასამართლოს. ეს პროცესები ანგრევს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ძირს უთხრის სახელმწიფოს ინსტიტუტებს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
თბილისის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავს.
ავტორი: ვაკო ორმოცაძე