„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას და ახსნა-განმარტებებს ითხოვს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სახელისუფლო კანდიდატის დასახელებით, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოება შეურაცხყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციების დროს, გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ნეიტრალური პოლიტიკური ლიდერის წარდგენას აპირებდა, თუმცა პირობა არ შეასრულა.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად გამართული კონსულტაციების პროცესში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალიან ცუდია, როცა მოსახლეობას არ უხსნიან, რატომ წავიდა თანამდებობიდან ზურაბ პატარაძე. მარგველაშვილმა თქვა, რომ აპირებდა ამ არაჯანსაღი პროცესის შეჩერებას. პრეზიდენტი მზად იყო წარედგინა ნეიტრალური პოლიტიკური ლიდერი თუ ის დასახელებული იქნებოდა რეგიონის საზოგადოებისა და უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ. ჩვენ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დავაყენეთ რეგიონის ინტერესები და წარვუდგინეთ საზოგადოების მიერ დასახელებული გამოცდილი და წონიანი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს სხვა პარტიებმაც. გუშინ ვნახეთ, როგორ უსუსურად გამოიყურებოდა პრეზიდენტი, რომელიც შეაშინა კობახიძისა და მდინარაძის განცხადებებმა”,-განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა და პრეზიდენტისგან მკაფიო განმარტებები მოითხოვა.
„მარგველაშვილმა საზოგადოებას არ აუხსნა, რატომ დაასახელა სახელისუფლო კანდიდატი, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. ერთადერთი, რაც განმარტა, ეს იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში. ისმება კითხვა, აქამდე არ იცოდა, რომ სახელისუფლო პარტიას უმრავლესობა ჰყავდა უმაღლეს საბჭოში? რატომ გაწელა მოლაპარაკებები და იმ დღესვე არ დაასახელა კანდიდატი? რას ემსახურებოდა ეს გაუგებარი პროცესი, რომელიც წამოიწყო რეგიონში? ვფიქრობთ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა უმაღლეს საბჭოს, როგორც ინსტიტუციას და რეგიონის მოსახლეობას. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ, ბოდიში მოუხადოს საზპგადპებას, ასევე გაკეთდეს მკაფიო განმარტებები, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა კანდიდატის შერჩევისას, შეასრულა თუ არა ივანიშვილის დავალება ამ გადაწყვეტილებით, რა გარიგება შედგა ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის”, -განაცხადა ბაგრატიონმა.