„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს. როგორც სხდომის დაწყებამდე პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პოლიტსაბჭოზე პარტიის სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი.
„მას შემდეგ, რაც უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე და პარტიის თავმჯდომარემ დატოვა თანამდებობა, ცხადია, ბევრი საკითხია სამსჯელო. ზოგადად, პარტიის სამომავლო გეგმებზე ვიმსჯელებთ“,- განაცხადა სამადაშვილმა.
ამასთან, როგორც სამადაშვილი აცხადებს, თუ ხელისუფლება მზად არის, გააკეთოს რაიმე შემხვედრი წინადადებები, ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
„მოლაპარაკებებისთვის რამდენიმე დღე ისევ რჩება. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია, მხოლოდ დავადასტუროთ ის, რომ თუ ხელისუფლება მზად არის, გააკეთოს რაიმე შემხვედრი წინადადებები, რომელიც სივრცეს შექმნის შეთანხმებისთვის, ჩვენ უარი მოლაპარაკებებისთვის არ გვითქვამს და არც ვამბობთ. რეალურად, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მანდატების შეჩერების თაობაზე და ამიტომ, ძალიან ბევრი დრო შეთანხმებისთვის ცხადია, არ რჩება“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.