„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლაზე დასწრებას არ აპირებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენებით გამოსვლაზე დასწრებას არ აპირებს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა, გაუგებარია, რა შეიძლება თქვას საინტერესო საქართველოს პრეზიდენტმა.
„ერთი წლის მანძილზე, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტს ვუყურებთ და ეჭვი მაქვს, რომ უმრავლესობის წევრებსაც არ აქვთ სურვილი, მის საპარლამენტო გამოსვლას დაესწრონ. გაუგებარია, რა შეიძლება გვითხრას საინტერესო საქართველოს პრეზიდენტმა. რა თქმა უნდა, მის მოსმენაზე დასწრებას არ ვაპირებთ, რადგან პრეზიდენტის რანგში მან საკუთარი საქმიანობა დისკრედიტებულმა დაიწყო და შემდეგ მისი ძალიან მძიმე პოლიტიკური იმიჯი მხოლოდ გააღრმავა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
პრეზიდენტის რანგში, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისთვის რიგით მეორე წლიური ანგარიშის წარდგენა საგაზაფხულო სესიაზე მოუწევს.
რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.
რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენის ფორმატს, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველი ანგარიში გასული წლის 6 მარტს წარუდგინა. პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ დაესწრნენ.