„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართავს, – ამის შესახებ რომან გოცირიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2017 წლის 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლს თავს დაესხნენ, გაიტაცეს და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს, რაც დანაშაულია.
გუშინ, აფგან მუხთარლი ახლო ნათესავების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ორი დღით გაათავისუფლეს, რამაც მას საშუალება მისცა, უფრო დეტალურად ესაუბრა მომხდარზე. ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ისედაც ნათელი იყო ყველასთვის – მისი გატაცება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით, საქართველოს სამართალდამცავების მიერ მოხდა. ის მომხდარში პირდაპირ ადანაშაულებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
ამ მოვლენამ, რომელიც უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს, განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. კერძოდ, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს სპეციალური რეზოლუცია მიუძღვნა ევროპარლამენტმა, რითაც საქართველოს მთავრობისგან მომხდარი დანაშაულის დროული გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს, გამოიძიოს მომხდარი, რადგან ამ დანაშაულში ჩართულია მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით.
მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, პარლამენტი არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას და აფერხებს ამ კომისიის შექმნას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე თავდასხმის, მისი გატაცებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.