ხვალ 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ძალადობის, დამნაშავე პოლიციელების იმედზეა.
„დიდი ხანია, სიმართლე აღარ არის მათ მხარეს. ისინი აცნობიერებენ, არჩევნები არის მიტაცებული და ხელისუფლება არის მიტაცებული. ყველაზე უკეთ მათ უწყით, რომ ეს რეალობა არის ასეთი. შესაბამისად, ისინი იძულებული არიან, ყოველდღიურად მეტი და მეტი ძალადობა გამოიჩინონ უკიდურესად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ და დღეს ჩვენ ზუსტად ასეთი ვნახეთ. აქციების დაწყებამდე, სხვადასხვა გეოგრაფიულად განსხვავებულ ადგილებში როგორ იძალადეს მშვიდობიან პროტესტანტებზე და ამ წუთის მდგომარეობით, მათივე ინფორმაციითაც კი, 46 მშვიდობიანი აქციის მონაწილე არის დაკავებული და გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის საკრებულოს დეპუტატები, პოლიტიკოსები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქციები, საპროტესტო მოძრაობა შენელდება, პირიქით ყოველდღე გაიზრდება და გაიზრდება“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ეს რეჟიმი გატყდება მშვიდობიანი, უწყვეტი, თანმიმდევრული და დისციპლინირებული აქციებით.
„დღეს მინდა, დავაანონსო მორიგი აქცია, ხვალ 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს. დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობაა იმ ყველაფრისა, რასაც სჩადის პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ. არაფერი განსხვავებული დღეს ჩვენ აქ არ ვიხილეთ, ამიტომ ხვალ გელოდებით ყველას მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და ასეთი აქციები გაიმართება ყოველდღე, ვიდრე ეს რეჟიმი არ გატყდება და ამ რეჟიმს მრავალრიცხოვნებით, სიმტკიცით და სიმშვიდით აუცილებლად გავტეხავთ. არ დაიხევს უკან არავინ, დააკავეთ 46 ადამიანი? მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ასიათასობით, მილიონზე მეტი აქტიური მოწინააღმდეგე ჰყავს რეჟიმს. ამიტომ ეს რეჟიმი განწირულია მარცხისთვის, ახლა არის სიმტკიცე, ნებისყოფა და სიმშვიდეა საჭირო, დროის საკითხია მხოლოდ ამ რეჟიმის დამარცხება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.