„ნაციონალური მოძრაობა“ მერიას შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს
„ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის მერიას შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქის მერიამ სამი მილიონი ლარი გამოყო საახალწლო განათებებისთვის, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ოდესმე დახარჯულა.
ხაბეიშვილის თქმით, ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, იტალიურ კომპანიასთან, რომელსაც საბანკო ანგარიშები მილანში აქვს.
“გვაქვს ლეგიტიმური შეკითხვა, საგამოძიებო უწყებებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ, ვის დაესიზმრა მილიონობით კომპანიას შორის ის კომპანია, რომელიც იტალიაშია დაფუძნებული და მისი ანგარიშები მილანშია. რატომ ხდება სამჯერ მეტი თანხის გადახდა ვიდრე ოდესმე. ხომ არ გვაქვს საქმე კონკრეტულ კორუფციულ გარიგებასთან და ხომ არ უნდა ველოდოთ საგზაო სამუშაოებზე ჯენარო გატუზოსა და ალესანდრო ნესტას კომპანიების გამოჩენას. გასცეს კალაძემ ამ კითხვებს პასუხი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, შეიძლებოდა ეს ყველაფერი ტენდერის გზით გადაწყვეტილიყო და ნაკლებ ფასად.