„ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურზე ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას აღარ აპირებს, თუმცა სხვადასხვა საპროტესტო აქტივობას გეგმავს
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურის დროს უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას აღარ აპირებს, თუმცა სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.
„მე თუ მკითხავთ, ჟვანია და ყველა კრიმინალი ყოველდღე უნდა გადიოდეს ე.წ. სირცხვილის დერეფნებს, მაგრამ ჩვენ ამას არ ვგეგმავთ. თუმცა, გამყალბებლები, დიახ, უნდა გადიოდნენ სირცხვილის დერეფნებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე განმარტებით, არჩევნების დღეს განიხილება სხვადასხვა საპროტესტო აქტივობები, თუმცა კონკრეტულად პროტესტის რა ფორმას მოძებნის ოპოზიცია, ამაზე მსჯელობა ფართო ოპოზიციურ ფორმატში დღეს გაიმართება.
რაც შეეხება ლევან ვარშალომიძის განცხადებას, რომ აჭარის რეგიონში სირცხვილის კორიდორს მხოლოდ იმ პირებს მოუწყობენ, ვინც გამყალბებელი იყო, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
ამასთან, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მომხრეებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ არჩევნების მეორე ტურზე.
„მოვუწოდებთ ჩვენს ყველა მომხრეს, არ მივიდნენ არჩევნებზე. ეს არ არის არჩევნები, ეს არის კრიმინალური აქტი“, – აღნიშნა დეკანოიძემ.