„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას ხვალ პარლამენტთან გამართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას ხვალ პარლამენტთან გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას ხვალ რუსთაველზე, პარლამენტთან გამართავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

„მიმდინარე დღეებმა უჩვენა, რომ ჩვენი უწყვეტი, არაძალადობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლება, რეჟიმი საბოლოოდ კარგავს სახეს და უშვებს თავისთვის მომაკვდინებელ შეცდომებს. უფრო და უფრო ძლიერდება საერთაშორისო რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. მისი ღირსებისა და ჯანმრთელობის აბუჩად აგდებამ საქართველოს ოლიგარქიული რეჯიმი მსოფლიოს თვალში წარმოაჩინა ველურ და არაცივილიზებულ მმართველობად.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად არაძალადობრივი წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჯიმი ასე, ვიდრე არ ჩამოინგრევა. ამ საერთაშორისო, სწორ, ადეკვატურ მზარდ რეაქციას ასევე, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენი უწყვეტი, თანმიმდევრული და ორგანიზებული პროტესტი. გელოდებით ხვალ, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.