„ნაციონალური მოძრაობა“ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავს და მიხეილ სააკაშვილთან ექიმ ჯეიმს კობის შეშვებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობის” წევრები და პარტიის მხარდამჭერები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი ექსპერტის ჯეიმს კობის შეშვებას ითხოვენ.
მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ბიუროკრატიულ ბარიერს ხელოვნურად ქმნის, რომ ექიმს მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დღეს არის გამაფრთხილებელი აქცია და ჯანდაცვის მინისტრმაც და ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად მოუწევს პროფესორების და ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან.
„რუსულ ოცნებას თუ არაფერი არ აქვს დასამალი, თუ ისინი არიან ობიექტურობის მომხრე, წარმოუდგენელია, გაუგებარია, რატომ შეიძლება, არ შეუშვან სააკაშვილთან პროფესორი, რომელიც არის ნობელის ლაურეატი. ამასობაში, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ არის მოწადინებული, ობიექტური ექსპერტიზა ჩატარდეს. გულწრფელად ვერ გამიგია, თუ მათი ინტერესია, ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს, როგორ შეიძლება, ასეთ შესაძლებლობაზე ამბობდნენ უარს. ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილისთვის კიდევ ერთხელ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებაზე უარის თქმა. დღეს გვაქვს გამაფრთხილებელი აქცია და ჯანდაცვის მინისტრმაც და ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად მოუწევს ამ პროფესორების და ექსპერტების დაშვება. სხვა შემთხვევაში, შეგვიძლია დავასკვნათ, ვიფიქროთ და საზოგადოებამ მარტივად აღიქვას კიდევ ერთი არგუმენტი იმის, რომ ხელისუფლება უბრალოდ მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობისთვის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რატომ არ მიეცა სააკაშვილთან შესვლის საშუალება მის მოსანახულებლად ჩამოსულ ექიმ ჯეიმს კობის. როგორც აზარაშვილი ამბობს, სპეციალურმა კომისიამ, რომელიც განიხილავს საექიმო საქმიანობის უფლებას საქართველოში, განაცხადა, რომ პირმა ვერ წარმოადგინა აუცილებელი დოკუმენტაცია.