„ნაციონალური მოძრაობა“ ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ქვეყანაში 2013 წლიდან გაზრდილ სიღარიბეზე საუბრობს.
მისი თქმით, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, სიღარიბე საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება.
ბოკუჩავას განმარტებით, ე.წ. დახმარების პაკეტში არც ერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული პენსიონერებზე, თვითდასაქმებულებზე, სოციალურად დაუცველებზე, შშმ პირებსა და დევნილებზე.
„2013 წლიდან დღემდე ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე, მათ შორის, უკიდირესი სიღარიბე გაიზარდა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში – ბავშვებში და პენიონერებში. „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება. რას აკეთებს ამ დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება? ე.წ. დახმარების პაკეტებიდან, რომელიც სინამდვილეში პარტაქტივის დაფინანსების და მათთან აფილირებულ ბიზნესებში შერჩევითად ფულის ჩასხმის თემაა, დღემდე ერთი თეთრი რატომ არ მისულა საქართველოს მოქალაქეებამდე? რატომ არ არის ამ ე.წ. გეგმაში არც ერთი თეთრი გათვალისწინებული პენსიონერებზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ამ პანდემიის დროს. რატომ არც ერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული 600 000 თვითდასაქმებულზე, 165 000 სოციალურად დაუცველზე, 100 000-მდე შშმ პირზე ან დევნილებზე?“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტი ფაქტობრივად გაუქმებულია.
ბოკუჩავა ამბობს, რომ გაჭირვებული ადამიანების სათქმელის გასაგონად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენის რეგლამენტის გათვალისწინებით, ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს.
„ამ პარლამენტში ულუკმაპუროდ სახლში დარჩენილი ადამიანების ხმა არ ისმის. ეს პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა ივანიშვილმა პრაქტიკულად გააუქმა. იმისთვის, რომ ჩვენ სახლში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენის რეგლამენტის გათვალისწინებით, ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას იბარებს პარლამენტში.
თქვენ გახსოვთ, რომ ორჯერ, როდესაც გამოცხადდა საგანგებო მდომარეობა, გიორგი გახარია პარლამენტში არ მობრძანდა, მან გამოაგზავნა მხოლოდ საკუთარი წარმომადგენელი.
ამჯერად მას კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ მობრძანდეს პარლამენტში და პირადად გასცეს იმ შეკითხვებს პასუხები, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. არ მოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ მოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეს ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება, არ მოსვლის შემთვევაში, გიორგი გახარია იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური აპარდეიდის გარდა, სადაც მხოლოდ მათი პრივილეგირებულთა კასტა სარგებლობს იმ ვალით, რომელიც ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმა უნდა იხადონ. მათ სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ დღეს საორგანიზაციო დეპარტამენტში შევიტანთ წერილს ინტერპელაციის მოთხოვნით. გიორგი გახარიას აქვს კონსიტუციური ვალდებულება, რომ ის თავად მობრძანდეს პარლამენტში და თავად გასცეს ჩვენს შეკითხვებს პასუხები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.