„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქი გახდეს
„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქი გახდეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის.

ფრაქციამ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ცვლილებების გათვალისწინებით, ქალაქი ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქი უნდა გახდეს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ქუთაისში საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობები უნდა შეიქმნას – მთავრობა; სამინისტროები; დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები; სახელმწიფო აუდიტის სამსახური; კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სხვა ორგანოები, სამსახურები, დაწესებულებები.

ინიციატივაში ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოფს ქუთაისის განვითარების ხუთწლიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და რეალიზება. ქუთაისის განვითარების სახელმწიფო პროგრამა კი, უნდა შეიცავდეს – საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქის სტატუსის განხორციელებისთვის აუცილებელი სამშენებლო, არქიტექტურულ-გეგმარებითი, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გეგმას და დაფინასების რესურსებს. ასევე საინჟინრო, სატრანსპორტო, წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის და სოციალური ინფრასტრუქტურის არსებული და შემდგომში აუცილებელი სისტემების განვითარების გეგმას და დაფინანსების რესურსებს. აგრეთვე, ქალაქის კომუნალური მეურნეობის და სისტემების მოდერნიზაციის და განვითარების გეგმებს.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ფრაქცია განმარტავს, რომ 2012 წელს, ქუთაისში პარლამენტის გადატანა, სრული დატვირთვით, დაკავშირებული იყო თვიურად დაახლოებით 300 ათას ლართან და სამთავრობო დაწესებულებების ეტაპობრივი განთავსება ქუთაისის ტერიტორიაზე (იმ შემთხვევაში, თუ ყველა უწყებაში დასაქმდება დაახლოებით 1 000 კაცი) დაკავშირებული იქნება ყოველწლიურად დაახლოებით ხუთ მილიონ ლართან.