გია ვოლსკი - სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს, ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს
სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს. ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე.
„ნიკა გვარამია ცხარე ცრემლებით ტიროდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია სჭირდა, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. სერიოზული კითხვა ჩნდება, ოპოზიციაში რამდენად სერიოზულია დაპირისპირება. მით უმეტეს, საუბარია, ერთი სულისა და საერთო წარსულის, აწმყოს მქონე ადამიანებზე. შესაძლოა, აქციებზე სააკაშვილის ფოტოების გამოჩენამ ის ადამიანები დააფრთხო. შეიძლება, ბევრს არ უნდა, რომ სააკაშვილის იმ წარსულთან იყოს დაკავშირებული, როცა ქვეყნის ტერიტორიები დაიკარგა, ათასობით ადამიანი გაუბედურდა და სადაც ადამიანებს ქუჩაში კლავდნენ, მათ შორის ახალგაზრდებს. სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს. შეიძლება, ეს სხვებისთვის ფაქტორი იყოს, მაგრამ ეს ადამიანები ერთი მიზნისა და ამოცანების მქონე არიან. შეიძლება, ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვის უფრო მეტი დესტრუქციის ძალა აქვს. მათი მიზანია, პატრონებს დაანახონ, აქ ლიდერი ვინ არის და ასევე საზოგადოების ნაწილი მიიმხრონ ექსტრემისტულ პროცესებში. სააკაშვილისგან ახალი რაც ვიხილეთ, არის ვარცხნილობა და ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ისედაც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა. სააკაშვილი იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს.
„მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს“, – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.