„ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დღით ბოიკოტს წყვეტს და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დასწრებას აპირებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დღით ბოიკოტს წყვეტს და დღევანდელი პლენარული სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას კენჭისყრის დროს მხარს დაუჭერენ.
„დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს მონაწილეობას პლენარული სხდომის მუშაობაში. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმიდან ერთი დღით გამოვდივართ, ვინაიდან წესიერად და პირნათლად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები. ეს არის შეთანხმების ნაწილი, რაც ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მხარდაჭერას და დღეს ჩვენ კენჭისყრისას მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას. ამავე დროს, ბოიკოტის ერთდღიანი შეცვლის მიზეზი ისიცაა, რომ თუ კვლავ გადაწყვეტენ ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებას, „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საბაბი, საკონსტიტუციო პროცესის ჩაშლა შემდეგ ოპოზიციას გადააბრალონ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთან, გოცირიძის განმარტებით, ხელისუფლებამ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების ყველა მხარე უნდა შეასრულოს.
„ხელისუფლების მხრიდან ჩვენ ველოდებით ასევე შეთანხმების ყველა მუხლის შესრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამის გარეშე შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად. ახლა ხელისუფლების მხრიდან საჭირო ნაბიჯებია გადასადგმელი. დაიწყება საერთო სახალხო განხილვის პროცესი. ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ საკონსტიტუციო კომისიის შექმნა აუცილებელი ნაწილია ამ პროცესის დაწყებისა და ამას ჩვენ არ შევაფერხებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.