„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. გავრილოვის სიაზე იწყებს მუშაობას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობას დაიწყებს ე.წ. გავრილოვის სიაზე, სადაც იმ ადამიანების ჩამონათვალი იქნება, რომლებიც ქვეყანაში საფრთხეს უქმნიან საქართველოს დემოკრატიას.
ამასთან, მისივე თქმით, სიაში იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებიც გზას უხსნიან ქვეყნის შემდგომ ოკუპაციას.
„მომავალი კვირიდან დავიწყებთ მუშაობას როგორც პარლამენტში, ისე საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა შედგეს ე.წ. გავრილოვის სია იმ ხალხის ჩამონათვალით, რომელიც დღეს ქვეყანაში საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას, რომელიც ფაქტობრივად, გზას უხსნის ქვეყნის შემდგომ ოკუპაციას რუსეთის მხრიდან და მოითხოვს ამ ადამიანების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას. ყველა დეტალს გაცნობებთ მაშინ, როდესაც დავიწყებთ ამ კონკრეტულ სიაზე მუშაობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.