„ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს
საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება შეიტანეს.
„დღეს საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრები, რომლებიც ძალით იქნენ ცნობილი პარლამენტის წევრებად, უკვე პირადი განცხადებებით შედიან პარლამენტში. ამით დასრულდება პარლამენტის ერთპარტიულ პარლამენტად ფორმირების პროცესი და უკვე ჯერი იქნება პარლამენტზე, მიიღოს გადაწყვეტიელება ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. შემდგომ უკვე საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიულ პარლამენტად. სულ ყველა ვართ 36“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
დღესვე საკანონმდებლო ორგანოში განცხადების შეტანას აპირებენ საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ შემავალი კიდევ ერთი სუბიექტის, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლები.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თავის მხრივ, კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს რვა და არაუგვიანეს 15 დღისა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.
ამასთან, პროცედურით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში და განაგრძოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.