„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას არ დაესწრება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას არ დაესწრებიან.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ამომწურავად ფრაქციის ფარგლებში განიხილეს, რომელიც არის ანტიკრიზისული, საგანგებო ბიუჯეტი, თუმცა მას „ნაციონალური მოძრაობა“ ანტისახალხო ბიუჯეტს უწოდებს.
„ბიუჯეტში არაფერია ჩადებული ადამიანებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც სამუშაო ადგილები პანდემიის დროს დაკარგეს და უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნენ. 5,5 მილიარდიანი სესხი აიღეს და ნაწილობრივ გრანტები უცხოური წყაროებიდან და გადაწყვიტეს, რომ თანხის 10 პროცენტი პირდაპირ დაერიგებინათ, ეს იყო ძალიან მცირე ოდენობა. ახლა აღმოჩნდა საოცრება, მისი ნახევარიც კი არ არის გაცემული და დაახლოებით 300 მილიონი ლარის ეკონომიას აკეთებენ. ადამიანებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას არ აძლევენ და ეკონომიას აკეთებენ იმის გამო, რომ ეს ფული მოხმარდეს თავდაპირველი ბიუჯეტის უსარგებლო, კორუფციულ, პოლიტიკურად მოტივირებულ მათთვის საინტერესო ხარჯებს“, – განაცხადა გოცირიძემ.