„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება
29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა, როდესაც ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ, გადაიდოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენა.
„მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას.
ხვალ, 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა, მაშინ როდესაც ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან. მით უმეტეს, როდესაც თვითონ „ქართულ ოცნებას“ იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვთ კონტრაქცია.
თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას““, – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობლივ განცხადებაში.